თეგი: სექსუალური ძალადობა

სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ, გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ი.ჯ. გამართლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის - თ.თ.-ს მიმართ. ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 მაისს უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა რაოდენობა საკმაოა, რომელიც ბრალდებას ამტკიცებს და თუკი, მცირედი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. ილია ჯიშკარიანიმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა. „მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი ცუდიც. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე” ,- განაცხადა ჯიშკარიანმა. ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს

შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) მიმდინარეობს. ამასთან, დაკავებულ კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ.  

კაცი, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა, დაკავებულია - შსს

კაცი, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამინისტროს ცნობით, 1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. „დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.